English / ქართული /








Journal number 2 ∘ Eka Sepashvili
Challenges of Innovative Policy for Eastern European Countries

Development of global economy complicates national economic goals and gives new impetus. The beginning of XXI century is characterized by unprecedented development of digital technologies. We live during the fourth industrial revolution. Hence, modern economic growth is connected with recourse efficiency, which rises the goals of introduction and supporting of innovations for policy-makers.

Several development indicators of difference countries, among them Eastern European region countries, where Georgia is located, are analyzed and discussed. The stages of countries development, global competitiveness ranks as well as expenditure on education and researches are investigated in the article.

Keywords: Global Economy; Economic Policy; Economic Growth; Innovations; Eastern European Countries.

JEL Codes: F01, F63, F68, O31

ინოვაციური პოლიტიკის გამოწვევები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის 

მსოფლიო ეკონომიკის განვითარებამ და გლობალიზაციის ტემპის განუხრელმა ზრდამ ეროვნული ეკონომიკების წინაშე მდგარი ამოცანები გაართულა და უამრავი ახალი ასპექტი შესძინა. XXI საუკუნის დასაწყისი ციფრული ტექნოლოგიების არნახული ტემპით განვითარებით ხასიათდება. ჩვენ მეოთხე სამრეწეველო რევოლუციის ეპოქაში ვცხოვრობთ. შესაბამისად, თანამედროვე ეკონომიკური ზრდა რესურსების მწარმოებლურობის გადიდებას უკავშირდება, რაც ინოვაციების დანერგვისა და ხელშეწყობის ამოცანებს კიდევ უფრო აქტუალურს ხდის.

სტატიაში გაანალიზებულია სხვადასხვა რეგიონისა და ქვეყნის (მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის, რომელშიც საქართველოც მოიაზრება), განვითარების ზოგიერთი მაჩვენებელი, მათ შორის, ქვეყნების განვითარების სტადიები და კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლები, ციფრული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა, ასევე, დანახარჯები განათლებასა და კვლევებზე.

საკვანძო სიტყვები: გლობალური ეკონომიკა; ეკონომიკური ზრდა; ეკონომიკური პოლიტიკა; ინოვაციები; აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები.

XXI საუკუნის დასაწყისი ციფრული ტექნოლოგიების არნახული ტემპით განვითარებით ხასიათდება. ჩვენ მეოთხე სამრეწეველო რევოლუციის ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს რევოლუცია ციფრული, ფიზიკური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების შერწყმით ხასიათდება. ცვლილებები ისტორიულია მასშტაბებისა და ტემპების გათვალისწინებით. მეოთხე სამრწეველო რევოლუცია არა იმდენად ახალი ტექნოლოგიების გამოჩენას უკავშირდება, რამდენადაც ახალ სისტემაზე გადასვლას, რომელიც ციფრულ ინფრასტრუქტურას ეფუძნება. ახალი ტენოლოგიების გავრცელების თანხვდენილად ფუნდამენტურად იცვლება წარმოების, მოხმარების, კომუნიკაციის, ტრანსპორტირებისა და გადაადგილების, ენერგიის მიღებისა და ურთიერთობის გზები და საშუალებები. ამ ცვლილებების ფუნდამენტური და გლობალური ხასიათი ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებს წარმოშობს და ეხება შრომის ბაზარს, შემოსავლების უთანაბრობას, გეოპოლიტიკურ უსაფრთხოებას, სოციალური ფასეულობების სისტემას და ა. შ. [17].

ამგვარ ახალ რეალობაში მთავრობების ძირითადი მიზანი – გაზრდონ კეთილდღეობის დონე ქვეყანაში – პირდაპირ უკავშირდება მეცნიერებაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას. კეთილდღეობის ზრდა რესურსების, ანუ შრომისა და კაპიტალის, ეფექტიანობის გაზრდას გულისხმობს. მეცნიერულ-ტექნიკური განვითარების თანამედროვე პირობებში კი რესურსების ეფექტიანობის ზრდა ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ხარჯზე ხდება. აღნიშნული ამოცანის შესრულება ბევრ ურთიერთდაკავშირებული ფაქტორის გათვალისწინებას მოიხოვს. თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკური ზრდა მხოლოდ მატერიალური დოვლათის გაზრდის ამოცანა აღარ არის. ეკონომიკური პროგრესი მჭიდროდ უკავშირდება ინკლუზიურ ზრდას, გარემოს მდგრად განვითარებას და ადამიანისეული კაპიტალის განვითარებას [27, გვ. 3].

გლობალური კონკურენტუნარიანობის ბოლო ანგარიში [27] სამ ძირითად გამოწვევას გამოყოფს, რომელიც ახალი პოლიტიკის შემუშავებისას უნდა იქნეს გათვალისწინებული: 1. ფინანსური არამდგრადობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნების უნარს, დააფინანსოს ინოვაციები და ტექნოლოგიების ათვისება; 2. ახლადგამოჩენილი ეკონომიკები, რომლებიც მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებენ ინოვაციების ათვისებაში, მაგრამ მეტის გაკეთებაა შესაძლებელი სარგებლის გავრცელების თვალსაზრისით; და 3. სამუშაო ძალის ბაზრის მოქნილობა და მუშაკთა დაცვა, რაც აუცილებელია კონკურენტუნარიანობისა და განვითარებისათვის.

ამრიგად, ცოდნა, კვლევები და ინოვაციები ეკონომიკური განვითარებისა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობისათვის გადამწყვეტია. შესაბამისად, ინოვაციური პოლიტიკა თანამედროვე ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი გახდა. ბოლო პერიოდის ეკონომიკური კვლევები ცალსახად ადასტურებს, რომ ინოვაციები და კვლევები ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას [2,3,4,7,8,10,14]. თუმცა, კვლავ ცხარე დებატების საგანია, თუ როგორ უნდა შეეწყოს ხელი ახალი ცოდნისა და კვლევების დანერგვას ეკონომიკურ აქტივობაში. ზოგიერთი მკვლევარი განსაკუთრებულ როლს ანიჭებს კლასტერებს [15, 16, 19, 25], ზოგიც შრომითი რესურსების მობილობას [1], ზოგიც სხვა ფაქტორებსა და მდგენელებს [21].

როგორც მკვლევარები მიუთითებენ, საჭიროა ეკონომიკური ზრდისკენ მიმართულია ისეთი პოლიტიკების შემუშავება, რაც მეტ ინოვაციას მოიტანს ეკონომიკაში. ასე, რომ მიზანშეწონილია, მთავრობამ უფრო პოზიტიური როლი შეასრულოს ინოვაციების წასახალისებლად და იმავდროულად მოახდინოს მისი ინტეგრირება ეკონომიკურ ზრდასთან [16].

შესაბამისად, ჩვენ ყურადღებას ინოვაციურ პოლიტიკაზე და მის ზოგიერთ ასპექტზე შევაჩერებთ, რადგან ყველა ასპექტის სათანადოდ მიმოხილვა შეუძლებელია მათი სირთულის, მნიშვნელობის და კომპლექსური ურთიერთქმედების გათვალისწინებით. ასევე, ანალიზის პროცესში მხოლოდ რამდენიმე ქვეყნას გნვიხილავთ, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებს, რომელთა შორისაა საქართველოც, რათა ცალკეული ქვეყნების მიერ გატარებული ზომებისა და მიღწეული შედეგების გაანალიზებით, გამოვკვეთოთ ის ძირითადი მომენტები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია თანამედროვე ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისას.

ქვეყნების განვითარების დონეები და კონკურენტუნარიანობის რეიტინგი

ქვეყნები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან ინოვაციების დონისა და იმის მიხედვით, თუ როგორ ხდება კერძო სექტორის მიერ ინოვაციების მიღება და გამოყენება. შესაბამისად, ფირმების უნარი, აითვისონ და მოახდინონ კვლევის შედეგების კომერციალიზაცია და ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო ურთიერთზემოქმედებს. მეცნიერები [12, 23] გამოყოფენ ამგვარი ურთიერთქმედების სამ ფაზას: 1. პრე-გამოყენებითი ფაზა, 2. გამოყენებითი ფაზა და 3. პოსტ-გამოყენებითი ფაზა (pre-catching phase, catching phase and post-catching phase). ფირმების მიერ ცოდნის გამოყენება, რომელიც ინოვაციებს იწვევს, ქვეყნის განვითარების დონეზეა დამოკიდებული. ამ თვალსაზრისით, ქყვეყნები შეიძლება დავყოთ ოთხ ჯგუფად. 1. დაბალი ინოვაციის ქვეყნები, სადაც მხოლოდ მცირე რაოდენობის ფირმები ყიდულობენ ან აწარმოებენ ინოვაციისათვის საჭირო ცოდნას; 2. ქვეყნები, რომელთა ფირმები ძირითადად ყიდულობენ ტექნოლოგიებს, ხოლო შედარებით მცირე რაოდენობის ფირმები არიან ჩართული კვლევებსა და განვითარებაში, 3. ქვეყნები, რომელთა ფირმები უფრო მეტად აბანდებენ საკუთარ კვლევებში, ვიდრე პატენტებისა და ლიცენზიების ყიდვაში და 4. ქვეყნები, რომელთა ფირმები აქტიურად აბანდებენ ფინანსურ სახსრებს ინოვაციების შექმნაში [5].

პოლიტიკის ამოცანებისა და ინსტრუმენტების კომბინაცია ქვეყნის განვითარების დონეს და ინოვაციური სისტემის ძლიერ და სუსტ მხარეებს უნდა მოერგოს და განსხვადებოდეს ქვეყნების მიხედვით [18].

გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში ქვეყნებს განვითარების სტადიების მიხედვით აჯგუფებს. ამ კლასიფიკაციის თანახმად, 2017 წელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის მხოლოდ მოლდოვა იმყოფება ფაქტორების განვითარების სტადიაზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2006 წლის ანგარიშის თანახმად, განვითარების ამავე სტადიაზე იყო სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და უკრაინაც. ეფექტიანობის ზრდის სტადიაზე ამავე წელს მხოლოდ რუსეთი და თურქეთი იმყოფებოდა. უკვე 2013 წლის შეფასებით, ქვეყნები საკმაოდ დაწინაურდნენ და სომხეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა გარდამავალი ფაზის სტადიაში გადავიდნენ. ამას მოწმობს მათი კონკურენუნარიანობის გაუმჯობესებული რეიტინგებიც (იხ. ცხრილი 1):

ქვეყნების კონკურენტუნარიანობის რეიტინგი [26, 27, 28, 29]

ცხრილი 1

2013 წელს სომხეთი 82-ე პოზიციიდან 79-ე პოზიციაზე გადავიდა, აზერბაიჯანი კი - 64-იდან 39-ზე. თუმცა, მოლდოვას მაჩვენებლი გაუარესდა ამავე პერიოდში და 86-ე პოზიციიდან 89-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. მისი განვითარების ეს ჩამორჩენა შემდგომ წლებში აისახა და უკვე 2016-2017 წწ. ის კვლავ ფაქტორების განვითარების სტადიას დაუბრუნდა. 2013 წლისათვის საქართველო და უკრაინა ეფექტიანობის განვითარების სტადიაში გადავიდნენ. თუმცა, მათი რეიტინგები შესაბამისად არ შეცვლილა. კერძოდ, გაიზარდა საქართველოს რეტინგი 85-დან 72-მდე, ხოლო უკრაინის რეიტინგი 78-დან 84-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლისათვის აზერბაიჯანის რეიტინგი გაცილებით უკეთესი მაჩვენებლით ხასიათდებოდა (39) ვიდრე საქართველოს რეიტინგი (72), თუმცა, საქართველო განვითარების თვალსაზრისით, ერთი საფეხურით უფრო მაღალ სტადიაზე იმყოფებოდა (იხ. ცხრილი2).

ქვეყნების კლასიფიკაცია განვითარების სტადიების მიხედვით [26,27,28,29].

ცხრილი 2

2016-2017 წწ. მხოლოდ მოლდოვაა ფაქტორების განვითარების სტადიაზე და მისი რეიტინგიც შესაბამისად, ყველაზე დაბალია განხილულ ქვეყნებს შორის და 100-ე პოზიციას იკავებს. აზერბაიჯანი, უკრაინა და რუსეთი ეფექტიანობის გაზრდის სტადი­ისაკენ გარდამავალ პოზიციას იკავებენ. თუმცა, უკვე 2017 წელს, რუსეთი დაწინაურდა და ეფექტიანობის განვითარების სტადიისაკენ გარდამავალ ჯგუფში მოხვდა და მისი კონკურენტუნარიანობის რეიტინგიც საკმაოდ გაუჯობესდა, 2017 წლისათვის 38-ე პოზიციაზეა.

საქართველო და სომხეთი 2016-2017წწ. ეფექტიანობის განვითარების სტადიაზე იმყოფებიან, თუმცა, მათი რეიტინგები უცვლელია, მაგრამ ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებულია: საქართველო – 59 და სომხეთი 79. ამავე დროს აზერბაიჯანის რეიტინგი ორივე ამ ქვეყნის რეიტინგს უსწრებს და 37-ს შეადგენს. ამასთან, იგი უკეთესია, ვიდრე თურქეთის რეიტინგი - 55, რომელიც ყველა ამ განხილულ ქვეყანასთან შედარებით, განვითარების ყველაზე მოწინავე სტადიაზეა, კერძოდ, ინოვაციების განვითარებისაკენ გარდამავალ სტადიაზე. 2017 წელს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ყველა ქვეყნისათვის ფიქსირდება კონკურეტუნარიანობის რეიტინგის გაუმჯობესება, საქართველოს გარდა. 2016 წელთან შედარებით, მაჩვენებლის გაუარესება მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში დაფიქსირდა: 59-ე პოზიციიდან 2017 წელს მან 67-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ამრიგად, ქვეყნის მხოლოდ კონკურენტუნარიანობის რეიტინგი არ განსაზღვრავს მის უნარს, მოახდინოს რესურსების ეფექტიანობის ზრდა და შექმნას ინოვაციებისათვის ხელსაყრელი პირობები.

ციფრული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა

ზოგადად, დაბალი განვითარების ქვეყნებში კერძო ფირმების მიერ ახალი ტექნოლოგიების გამოყენება ძალიან ძნელად ხდება ან არ ხდება. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია არასაკმარისად განვითარებული ადამიანისეული რესურსებით, რისი უკმარისობაც, ან უფრო სწორად დაბალი განვითარება, ართულებს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას. განვითარების თანხვდენილად, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებასთან ერთად იზრდება ახალი ცოდნისა და სიახლეების ოდენობაც. თუმცა, განვითარების მსგავსი დონეების ქვყენებს შორისაც შეიჩნევა მნიშვნელოვანი სხვაობა ახალი ტექნოლოგიების ათვისების თვალსაზრისით. ეს, პირველ რიგში, უკავშირდება ქვეყანაში არსებულ სისტემებს და პირობებს, რომელიც უზრუნველყოფს უცხოური ტექნოლოგიების ადვილად ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით, ინფორმაციის და კომუნიკაციების ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას (ICT).

გლობალურ ეკონომიკურ განვითარებას თვალს თუნდაც ზერელედ თუ გადავავლებთ, ნათლად დავინახავთ, რომ XX საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, ეკონომიკური ზრდას თან ახლდა ციფრული ტექნოლოგიების არნახული განვითარება. თვისებრივმა ცვლილებებმა საინფორმაციო ტექნოლოგიებში მოსახლეობის უფრო ფართო მასებს და ფენებს მისცა ინტერნეტთან იაფი წვდომის საშუალება. თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა სხვადასხვა ელექტრომოწყობილობები, რაც მომხმარებლისათვის საკმაოდ იოლად აღსაქმელი და გამოსაყენებელია. გაფართოვდა და გაიოლდა სხვადასხვა მონაცემთა ბაზებთან დაკავშირების საშუალებები. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი საინტერესო სტატისტიკას გვთავაზობს სხვადასხვა რეგიონისა და ქვეყნების რეზიდენტების მიერ ინტერნეტთან წვდომის შესახებ (იხ. ცხრილი3).

ინტერნეტმომხმარებლების რაოდენობა მოსახლეობის 100 სულზე [11,30]

ცხრილი 3

როგორც გლობალური მონაცემები მოწმობს, ინტერნეტ-მომხმარებელთა რაოდენობა განვითარებულ ქვეყნებში თითქმის გაორმაგდა და განვითარებად ქვეყნებში გასამმაგდა ძალიან მცირე პერიოდის - 2000-2008 წწ., განმავლობაში. ასე, მაგალითად, 2000 წელს განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის 100 სულზე 37.99 ინტერნეტის მომხმარებელი მოდიოდა, ხოლო განვითარებად ქვეყნებში მხოლოდ 5.03. მაგრამ, უკვე 2008 წელს, ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და შეადგინა 64.22 და 1.41, შესაბამისად. მომდევნო 5 წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი კვლავ იზრდება და განვითარებული ქვეყნებისათვის შთამბეჭდავ მონაცემებს ვღებულობთ. ასე, მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 78.20 შეადგენს. თუმცა, ცალკეული ქვეყნებისათვის ინტერნეტ-მოსარგებლეთა რიცხვი მოსახლეობის 100 სულზე 80-ს აჭარბებს: საფრანგეთი - 81.92, Gერმანია - 83.96, იაპონია - 86.25; დიდი ბრიტანეთი -89.84 და ა. შ. განვითარებად მსოფლიოში ეს მაჩვენებლი ჯერ კიდევ დაბალია. 2013 წლისათვის საშუალო განვითრების ქვეყნებისათვის 21.20 შეადგენს, ხოლო დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისათვის - 7.13, თუმცა, ზრდის ტემპები განუხრელად იზრდება. ასე მაგალითად, ცენტრალურ აზიაში 2008-2013 წლებში ინტერნეტ-მომხმარებელთა რიცხვი 9.35-იდან 35.04-მდე გაიზარდა, ხოლო აფრიკაში - 8.18-იდან 20.78-მდე (იხ. ცხრილი 4).

ინტერნეტმომხმარებლების რაოდენობა მოსახლეობის 100 სულზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 2013-2016 წწ. [13,30].

ცხრილი 4

მოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის ეს საშუალო მაჩვენებლია და ზოგად ტენდენციას ასახავს. მოსახლეობის 100 სულზე ინტერნეტ-მოსარგებლეთა რიცხვი ყველაზე მაღალი იყო აზერბაიჯანში – 58.7, შემდეგი ბელორუსი - 54.2. მოლდოვაში ეს მაჩვენებელი 48.8, ხოლო სომხეთში 46.3 იყო. ამ მაჩვენებლით საქართველოს მხოლოდ უკრაინა ჩამორჩებოდა 2013 წელს – 41.8. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს საქართველოსათვის ეს მაჩვენებელი 50.0-მდე გაიზარდა, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საქართველო ბოლო ადგილზეა: აზერბაიჯანისათვის ეს მაჩვენებელი 2016 წლისათვის 78.2-მდე გაიზარდა, ბელორუსისათვის - 71.1-მე, მოლდოვასათვის - 71.00-მდე, სომხეთისათვის - 62.0-მდე და უკრაინისათვის - 52.50-მდე [13].

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ ამ პრობლემის გადაჭრისაკენ ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგა. განხორციელდა სპეციალური პროგრამა - „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს მასშტაბით სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტითა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას. პროექტის ფარგლებში 118 ბიბლიოთეკა აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკით. ამჟამად ხორციელდება მეორე მნიშვნელოვანი პროექტი - “ინტერნეტი ყველა სოფელს”, რომელიც 2019 წლისთვის უნდა დასრულდეს და რომელიც მთელი ქვეყნის ინტერნეტიზაციას ითვალისწინებს, მათ შორისაა მაღალმთიანი რეგიონებიც. პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში, ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს 10 რეგიონის 500-მდე სოფლისთვის. საბოლოოდ კი, ამ პროექტის დასრულების შემდეგ ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი 2000-ზე მეტ სოფელში შევა და მლნ-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურება. პროექტის დასრულების შემდეგ, ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობა 41%-ით გაიზრდება და საქართველოს ტერიტორიის 91% ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით დაიფარება.

91% ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით დაიფარება. ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა გვეხმარება, ვიმსჯელოთ ცოდნის გავრცელების და ინოვაციების ეკონომიკაში დიფუზიის მხოლოდ აუცილებელ, მაგრამ არასაკმარის ასპექტზე. ეს არის ინფორმაცია მხოლოდ ცოდნისა და ინოვაციების ხელმისაწვდომობის შესახებ, რაც საბაზისოა და შეიძლება ვთქვათ, რომ ერთგვარია „ნედლეულია“ შემდგომი განვითარებისათვის. სხვა სიტყვებით რომ გადმოვცეთ, ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა ან ინტერნეტმომხმარებელების რაოდენობა თავისთავად არაფერს ნიშნავს, მაგრამ ამ ფაქტორის გარეშე წარმოუდგენელია ცოდნის წარმოქმნა, გენერირება, განვითარება და ინოვაციებში რეალიზაცია.

ამრიგად, იაფი და იოლად ხელმისაწვდომი საინფორმაციო ტექნოლოგიები არ ნიშნავს, რომ იმ ქვეყნის ფირმები, რომელიც ამას უზრუნველყოფს, ავტომატურად მიიღებენ სარგებელს შექმნილი მდგომარეობიდან და მთავრობის მიერ განვითარებული ამ ინფრასტრუქტურიდან ნებისმიერი ფირმა ინოვაციების განვითარებას შეეცდება. ამგვარი ვითარება მხოლოდ ხელსაყრელ პირობებს ქმნის შემდგომი განვითარებისათვის და ხელს უწყობს ინოვაციების შექმნას, რომელიც რეალიზდება კომერციულ საქმიანობაში და შემოსავალს მოიტანს [20].

დანახარჯები განათლებასა და კვლევებზე

ახალი ტექნოლოგიების ათვისება სხვა მრავალ ფაქტორზეც არის დამოკიდებული. მათ შორის შეიძლება გამოვყოთ კარგად გამართული საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც მაღალი ხარისხის განათლებას იძლევა და შესაბამისად, ხელს უწყობს ქვეყნაში განათლებული სამუშაო ძალის ჩამოყალიბებას. ასევე მნიშვნელოვანია კერძო ფირმების მიერ საკუთარი მუშაკებისათვის განათლების პროგრამების შექმნა და განვითარება. ამასთან, ახალი ტექნოლოგიების მიღება და მისი მოდიფიკაცია ადგი­ლობრივ პირობებთან უფრო ეფექტიანია, როცა ადგილობრივ ფირმები თვითონ ეწევიან კვლევასა და განვითარებაში თანხების დაბანდებას.

საბაზისო და საშუალო განათლების დაწესებულებები მხოლოდ ფუნდამენტია კვალიფიცირებული კადრების მომზადებისათვის. გაცილებით მეტი მნიშვნელობა ენიჭება უმაღლესი სასწავლებლებს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან კარგად მორგებული სასწავლო პროგრამებით, რომელიც არა- მარტო მიმდინარე მოთხოვნებს პასუხობს, არამედ მომავალი განვითარების პერპექტივებსაც ჭვრეტს. მეცნიერული და კვლევითი მუშაობის შესაძლებელობები ლაბორატორიებსა და კვლევით ინსტიტუტებში, განათლების უმაღლესი საფეხურის განვითარება და შესაბამისი სამეცნიერო სკოლების გაძლიერება გადაუდებელი ამოცანაა. უნივერსიტეტები გლობალური მოთამაშეები გახდნენ. მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს შორის მწვავე კონკურენციაა, თუ ვინ მოიზიდავს უფრო მეტ ინვესტიციას, ცნობილ პროფესორებს და მკვლევარებს, ნიჭიერ და მონდომებულ სტუდენტებს. ამ პროცესში აქტიურად გამოიყენება ციფრული ტექნოლოგიები, რასაც უნივერსიტეტები აქტიურად იყენებენ საკუთარი მიზნების მისაღწევად, იქნება ეს საერთაშორისო თანამშრომლობა, ონ-ლაინ კურსები თუ ერთობლივი კვლევები.

შესაბამისად, ბევრი ქვეყნის მთავრობა ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას კვლევებისა და სწავლების სფეროში, რათა გაიზარდონ ქვეყნის კვლევითი და ინოვაციური პოტენციალი. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება კონკურენცია მაღალკვალიფიციურ მუშაკებს შორის გლობალურ დონეზე. ეს დამოკიდებეული იქნება მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში ინვესტიციების მოცულობასა და დემოგრაფიულ ტენდენციებზე (შობადობის დაბალი დონე, მოსახლეობის დაბერება). ქვეყნები უკვე აქტიურად ცდილობენ მაღალ-კვალიფიცური მიგრანტებისა და წარმატებული უცხოელი სტუდენტების მოზიდვას საკუთარ ქვეყანაში ინოვაციური პროცესების ხელის შეწყობის მიზნით. მხოლოდ კერძო სექტორის ვერ პასუხობს გლობალიზაციის შედეგად გაჩენილ ტექნოლოგიურ გამოწვევებს. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მეცნიერებასა და კვლევებში ინვესტირება თუ ინვესტირების წახალისება უკვე ეროვნული პოლიტიკის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი გახდა ბევრი ქვეყნისათვის, რათა ხელი შეუწყონ ცოდნისა და ტენოლოგიების მთელ ეკონომიკაში გავრცელებას.

ევროკავშირი სპეციალურ პროგრამებს ამუშავებს, რათა მეცნიერთა და სტუდენტთა მობილობას შეუწყოს ხელი. 1999 წლის 19 ივნისს ევროკავშირის ქვეყნების უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელმა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ე.წ. ბოლონიის დეკლარაციას, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის ჩამოყალიბებას. ამჟამად ბოლონიის პროცესში 48 ქვეყანაა ჩართული. საქართველო აღნიშნულ ინიციატივას 2005 წელს შეუერთდა [6]. ევროკავშირის მიზანი ევროპის მოქალაქეთა დასაქმებისა და მობილობის გაზრდა იყო, რასაც ხელი უნდა შეეწყო უმაღლესი განათლების და შესაბამისად, ქვეყნების კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის.

ევროპული კვლევითი ინსტიტუტების კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, 2000 წელს ევროკავშირის ევროპული კვლევითი სივრცის მიერ წამოყენებული ინიციატივები ითვალისწინებდა სპეცილური პროგრამების შემუშავებას მრავალმხრივი კვლევითი თანამშრომლობისა და მკვლევარების საერთაშორისო მობილობის გაძლიერებისათვის. ასე მაგალითად, ევროკავშირის მარი კიურის პროგრამა გასცემდა გრანტებს საერთაშორისო, ინტერსექტორული და ინტერდისციპლინური მობილობის ხელშეწყობისათვის. აქტიურად ხორციელდება Erasmus+ და Horizon 2020 პროგრამები. Erasmus+ განკუთვნილია განათლების ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის წახალისებისათვის. მისი ბიუჯეტი 14.7 მლრდ ევროს შეადგენს და 2020 წლამდე გაგრძელდება. Horizon 2020 უშუალოდ კვლევებისა და ინოვაციების წახალისებას ემსახურება. მისი ბიუჯეტი 2014-2020 წლებისათვის 80 მლრდ ევროს შეადგენს, რომელსაც კერძო შემოწირულობები ემატება. ამ პროგრამის მიზანი ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნაა, რომელმაც ევროკავშირის გლობალური კონკურენტუნარიანობის გაზრდა უნდა უზრუნველყოს კვლევებისა და აღმოჩენების, ინოვაციების და სიახლეების დანერგვის საშუალებით. პროგრამას ევროპელი ლიდერებისა და პოლიტიკოსებისგან ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კვლევებში ინვესტირება მდგრადი და ინკლუზიური ზრდის საწინდარია. მისი ამოცანაა, აღმოფხვრას ბარიერები ინოვაციების შემუშავებისა და დანერგვის საქმეში და ხელი შეუწყოს საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობას ინოვაციების დანერგვასა და კომერციალიზაციაში. ყოველივე ზემოაღნიშნული ერთიანი ევროპული კვლევითი სივრცის შექმნას ემსახურება, რათა ცოდნის, კვლევებისა და ინოვაციებისათვის რეალურად ერთიანი ბაზარი შეიქმნას ევროპაში.

აღსანიშნავა, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის საგანამანათლებლო და კვლევით პროგრამებში. 1995-2017 წწ. Erasmus-ის მობილობის პროგრამებში საქართველოდან მონაწილეობა მიიღო 3291-მა აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტმა. 2016 წელს საქართველოს ერაზმუს+-ის მობილობის პროგრამით, 1465 სტიპენდიატი ჰყავდა. 2016 წლიდან საქართველოს ასოცირებულია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების მერვე ჩარჩო პროგრამაში „Horizon 2020”, რაც დამატებით პოტენციალსა და შესაძლებლობებს აჩენს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სისტემის განვითარებისთვის. 2007 წელს, ანუ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე, მსოფლიოს მთლიანი დანახარჯები კვლევასა და განვითარებაზე 1 132 მლრდ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2013 წელს - 1 478 მლრდ-ს [23, გვ. 24]. ეს 47%-ით ნაკლები იყო, ვიდრე 2002-2007 წწ. პერიოდში დაფიქსირებული ზრდა, თუმცა, კრიზისის გათვალისწინებით, მაინც მნიშვნელოვანი ზრდაა. როგორც გლობალური მონაცემები მოწმობს, გლობალური მშპ-ის ზრდა ჩამორჩება კვლევასა და განვითარებაზე დანახარჯების ზრდას (იხ. ცხრილი 5).

დანახარჯები კვლევასა და განვითარებაზე: გლობალური მონაცემები 2007-2013წწ. [22]

ცხრილი 5

როგორც გლობალური მონაცემები მოწმობს, მსოფლიო დანახარჯები კვლევებსა და განვითარებაზე ყოველწლიურად იზრდება. მაგრამ, მონაცემების უფრო დეტალური ანალიზის შედეგად, აშკარად გამოიკვეთა შემდეგი ტენდენცია: მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულ ქვეყნებში დანახარჯები კვლევებზე იზრდება, მათი წილი აგრეგირებულ მაჩვენებელში განუხრელად ეცემა. ასე, მაგალითად, თუ 2007 წელს მაღალი შემოსავლის ეკონომიკები კვლევებისათვის 1 132.3 მლრდ დოლარს ხარჯავდნენ და მათი წილი მსოფლიო აგრეგირებულ მაჩვენებლში 79,7%-ს შეადგენდა, უკვე 2013 წელს კვლევებზე დახარჯული ფინანსური სახსრების აბსოლიტური მოცულობის გაზრდის მიუხედვადად (1 477.7 მლრდ დოლარამდე) მათი წილი მსოფლიო აგრეგირებულ მაჩვენებლში 69.3%-მდე დაეცა. იგივე ტენდენცია შეინიშნება ცალკეულ მოწინავე ქვეყანაში. აშშ 2007 წელს 359.5 მლრდ დოლარს ხარჯავდა კვლევებზე და ეს მაჩვენებლი ყოველწლიურად იზრდებოდა. 2013 წლისათვის კვლევებზე დახარჯული სახსრების მოცულობამ 396.7 მლრდ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში მისი წილი მსოფლიო აგრეგირებულ მაჩვენებელში განუხრელად მცირდებოდა: 2007 წელს ის 31.7%-სშეადგენდა, 2009 წელს – 30.5%-ს, 2011 წელს - 28.5 და 20132 წლისათვის - 28.1% შეადგინა. იგივე ტენდენციით ხასიათდება ეს მაჩვენებელი საფრანგეთის, გერმანიისა და იაპონიის შემთხვევაში (იხ. ცხრილი 5-ის მონაცემები). განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 2007-2013 წწ. განუხრელად იზრდება, თუმცა, განვითარებული ქვეყნებისაგან განსხვავებით, მათი წილი გლობალურ მაჩვენებელში, ასევე, იზრდება. ასე, მაგალითად, დაბალი შემოსავლის ქვეყნების წილი 2007 წლის 0.2%-იდან 0.3%-მდე გაიზრდა 2013 წელს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ამ მაჩვენებლის ზრდა ისეთი ქვეყნებისათვის, რომლებიც ამჟამად სწრაფად ვითარდებიან. ამავე პრიოდში მნიშვნელოვნადD გაიზრდა ჩინეთის (10.2%-იდან 19.6%-მდე), ინდოეთის (2,7%-იდან 2011 წელს 3.2%-მდე) და ბრაზილიის (2.1%-იდან 2.2%-მდე) წილი აგრეგირებულ დანახარჯებში [23].

რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებს, რომელშიც საქართველოც შედის, აქ ვითარება საკმაოდ განსხვავებულია. ეს 6 ქვეყანა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებია. შესაბამისად, საბჭოთა მემკვიდრეობა გარკვეულ როლს ასრულებს. ბოლოდროინდელი მონაცემებით, ამ ქვეყნებში მთლიანი საშინაო დანახარჯები კვლევებსა და განვითარებაზე საბჭოთა პერიოდში გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ამჟამად. ასე, მაგალითად, 1989 წელს უკრაინაში მშპ-ის 3% იხარჯებოდა კვლევებზე. დანარჩენ ქვეყნებში - დაახლოებით 1% და აზერბაიჯანში - 0,75%. მაგრამ უკვე 2010 წლისათვის უკრაინაში ეს მაჩვენებელი 4-ჯერ შემცირდა, სომხეთში 10-ჯერ. 2013 წელს უკრაინა თავისი მშპ-ის 0.77% ხარჯავდა კვლევებზე, ბელორუსია 0,69%-ს, მოლდოვა - 0.36%-ს, სომხეთი - 0,24%-ს და აზერბაიჯანი 0.21 %-ს [24].

ქვეყნების ხარჯები განათლებაზე 2012წ. [23]

ცხრილი 6

ცხრილის მონაცემების მიხედვით, უმაღლეს განათლებაზე ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციას უკრაინა გამოყოფს, შემდეგ - მოლდოვა და ბელორუსი, ხოლო საქართველო ძალიან მოკრძალებული მაჩვენებლით ხასიათდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის დანახარჯები უმაღლეს განათლებაზე აღემატება აზერბაიჯანისა და სომხეთის ანალოგიურ მაჩვენებელს, ეს უკანასკნელნი საერთო განათლებაზე უფრო მეტს, (2.44% და 2.25% შესაბამისად) ხარჯავენ. საქართველოს ანალოგიური მაჩვენებლი 1,98%-ია, რაც ყველაზე დაბალია რეგიონში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბიუჯეტის დანახაჯები უმაღლეს განათლებაზე 2005 წლიდან 6-ჯერ გაიზარდა და 2017 წელს 137 მლნ ლარი შეადგინა. 2016 წელს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის სახელმწიფო დაფინანსება შეადგენდა 72 მლნ ლარს, რაც მშპ-ის 0.3 %-ია. ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება ევროკავშირის სამიზნეს – მშპ-ის 3%-ს.

ინოვაციიის ინდექსის გლობალური რეიტინგის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არასახარბიელო მდგომარეობაში არიან. ამას მოწმობს ქვემოთ მე-7 ცხრილში მოყვანილი მონაცემებიც, სადაც შედარებისათვის ცალკეული ქვეყნის მონაცემებიცაა.

გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგი 2017 წ. [9]

ცხრილი 7

ცხრილის მონაცემების მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ზოგიერთი ქვეყანა გაცილებით ნაკლებ ძალისხმევას ახმარს კვლევებისა და განათლების და ზოგადად, ინვესტიციების წახალისებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს. ამას მოწმობს დანახარჯების ქვე-ინდექსი, რომელიც უფრო ნაკლებია, ვიდრე საერთო რეიტინგი. ინოვაციებზე დანახარჯების ქვე-ინდექსში მოიაზრება ისეთი ფაქტორები, როგო­რიცაა: ინსტიტუტები, ჰუმანური კაპიტალის განვითარება, საინფორმაციო ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა, ბაზრებისა და ბიზნესის კარგად ფუნქციონირებადი სისტემები. ასე, მაგალითად, საქართველოს რეიტინგი შედეგების ქვე-ინდექსში 62-ე პოზიციაზეა, რაც უკეთესი შედეგია, ვიდრე რეიტინგი დანახარჯების ქვე-ინდექსის მაჩვენებელის მიხედვით (69) და საერთო რეიტინგი (68). ანალოგიური ვითარებაა უკრაინის, სომხეთის, მოლდოვას შემთხვევაში. ხოლო აზერბაიჯანი, რუსეთი და ბელორუსი უკეთეს რეიტინგებს ფლობენ დანახარჯების თვალსაზრისით და უარესს პოზიციაზე არიან როგორც საერთო რეიტინგის, ასევე შედეგების ქვე-ინდექსისი მაჩვენებლის მიხედვით.

ამრიგად, მხოლოდ კვლევებსა და განვითარებაში ინვესტიციების ზრდა უშედეგო ან ნაკლებად შედეგიანი იქნება, თუ ამავდროულად ხელი არ შეეწყო კვლევებისა და წარმოების თანამშრომლობას, ფირმების მიერ ახალი ტექნოლოგიების ათვისებას და დანერგვას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ახალი საქონლისა და სერვისების შექმნას და ა. შ.

დასკვნა

თანამედროვე პერიოდში ქვეყნების უმრავლესობა ეკონომიკური ზრდისათვის ინოვაციების გადამწყვეტ მნიშვნელობას აღიარებს. ინოვაციების ხელშეწყობა და მისი ინტეგრირება, ინკლუზიური ზრდისკენ მიმართულ ეკონომიკურ პოლიტიკაში, მეოთხე სამრეწველო რევოლუციის პირობებში აუცილებელია, რათა ქვეყანამ სათანადო ადგილი იპოვოს ცოდნაზე დაფუძნებულ გლობალურ ეკონომიკაში და იმავდროულად უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობის მაღალი დონე.

აუცილებელია მთავრობებმა უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ ისეთი სტაბილური გარემოს შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ინოვაციებსა და ეკონომიკურ ზრდას შორის კავშირს. მთავრობებმა უნდა აღიარონ ინოვაციის მნიშვნელობა გრძელვადიანი ზრდისთვის და ქმედითი დახმარება გაუწიონ სექტორს/ფირმებს ინოვაციების განვითარებისათვის. პოლიტიკის ამოცანებისა და ინსტრუმენტების კომბინაცია უნდა მოერგოს ქვეყნის განვითარების დონეს და ასევე, ინოვაციური სისტემის ძლიერ და სუსტ მხარეებს. ინოვაციების განვითარებაზე ზეგავლენა რამდენიმე მიმართულებით უნდა განხორიელდეს. ახალი კვლევების წარმოება და ახალი ტექნოლოგიების ათვისება გრძელვადიანი პროცესია და მოკლე პერიოდში სასურველი შედეგის მიღება ნაკლებადაა მოსალოდნელი. აღსანიშნავია, რომ შესაძლებელია კვლევებისა და ინოვაციების წახალისებამ გარკვეული შედეგები მოიტანოს, მაგრამ ქვეყნამ ვერ შეძლოს აღნიშნული შედეგების კომერციალიზაცია და რესურსების ეფექტიანობის გაზრდა. შესაბამისად, მხოლოდ კვლევების წახალისება და განათლებაზე დანახარჯების გაზრდა ვერ მოიტანს სასურველ შედეგს, თუ არ მოხდა კვლევის შედეგებისა და ინოვაციური მიღწევების კომერციალიზაცია და ინტეგრირება ეკონომიკაში.

ლიტერატურა:

1. Almeida, P., & Kogut, B. (1999). Localization of knowledge and the mobility of engineers in regional networks. Management Science, 45(7), 905–917.

2. Cameron, G. (1998). Innovation and growth: a survey of the empirical evidence. Working Paper, Nuffield College, Oxford University, Oxford.

3. Cetin, M. (2013). The hypothesis of innovation-based economic growth: a causal relationship. International Journal of Economic and Administrative Studies, 6(11), 1–16.

4. Coad, A., Segarra, A., & Teruel, M. (2016). Innovation and firm growth: does firm age play a role? Research Policy, 45(2), 387–400.

5. EBRD Transition Report 2014.

6. European Higher Educational Aria http://www.ehea.info/pid34249/members.html

7. Freeman, C., & Soete, L. (1997). The economics of industrial innovation. Cambridge: MIT Press.

8. Furman, J., Porter, M. E., & Stern, S. (2002). The determinants of national innovative capacity. Research Policy, 31, 899–933.

9. Global innovation Index 2017.

10. Grossman, V. (2009). Entrepreneurial innovation and economic growth. Journal of Macroeconomics, 31(4), 602–613.

11. International Telecommunications Union/ ICT Indicators database, June 2015.

12. Lall S (1992) Technological capabilities and industrialisation. World Dev 20(2):165–186.

13. Measuring the Information Society Report 2017 - Volume 1, International Telecommunication Union, 2017.

14. OECD. (2007). Innovation and growth: rationale for an innovation strategy. Paris: OECD.

15. Porter Michael, The Competitive Advantage of Nations, The Free Press. A division of Macmillian, Inc, N.Y, 1992 (4).

16. Rana P. Maradana, Rudra P. Pradhan, Saurav Dash, Kunal Gaurav, Manju Jayakumar and Debaleena Chatterjee Does innovation promote economic growth? Evidence from European countries, Journal of Innovation and Entrepreneurship A Systems View Across Time and Space 2017, https://doi.org/10.1186/s13731-016-0061-9.

17. Schwab, K. 2016. The Fourth Industrial Revolution. Geneva: World Economic Forum.

18. Schweiger H, Zacchia P (2015) Are science cities fostering firm innovation?. Evidence from Russia’s regions, Mimeo.

19. Sepashvili E. (2014), The Role of Clusters in Rising the Global Competitiveness of the Country. TSU Journal “Economy and Business”, Vol 2, 2014 p.97-115; https://www.tsu.ge/data/file_ db/economist_faculty/ekonomika2_75740.pdf

20. Sepashvili Eka (2018), Innovative Clusters – A Model for Rising International Competitiveness. 5th Business Systems Laboratory International Symposium “Cocreating Responsible Futures in the Digital Age: Exploring new paths towards economic, social and environmental Sustainability”. Università di Napoli “Federico II”, Napoli - January 22-24, 2018; p.2019-221 ISBN 9788890824265http://bslab-symposium.net/Napoli-2018/BOA-BSLAB-Symposium-2018.pdf

21. Tsvetkova, A. (2015). Innovation, Entrepreneurship and Metropolitan Economic Performance: Empirical Test of Recent Theoretical Propositions. Economic Development Quarterly, 29(4), 299–316. 22. UNESCO Scientific Report 2015. 23. UNESCO Institute for Statistics, March 2015.